top of page

ინტერაქტივის ტაიმერი

00:00:00

თანახმა ხართ თუ არა, რომ საქართველოს კონსტიტუციაში აღდგეს რეფერენდუმით კანონის მიღებისა და გაუქმების უფლება?

შედეგები

0
0
0

ინტერაქტივის განმარტება:

პ რ ე ა მ ბ უ ლ ა

- რა განაპირობებს სახელმწიფოში კონსტიტუციის არსებობას?
პასუხი აღიარებულია: საზოგადოებრივად მოტივირებული, ეროვნული ინტერესებით განპირობებული ხალხის ანუ მოქალაქეთა არსებობა!
- რას წარმოადგენს ხალხი?
ხალხი წარმოადგენს ადამიანთა ერთობლიობას, ვინც თვლის თავს (ითვლება), ქვეყნის (სახელმწიფოს), უმთავრეს შემადგენელ ნაწილად!! ანუ ხალხი წარმოადგენს სახელმწიფოს!
- რას გამოხატავს სახელმწიფოს კონსტიტუცია?
იგი გამოხატავს სახელმწიფოს მოქალაქეთა თანხმობას, მათ ურყევ ნებას! ანუ ხალხის ერთსულოვნებას..!
ასეც იწყება საქართველოს კონსტიტუცია: „.. ჩვენ საქართელოს მოქალაქენი..., როგორც ჩვენს ურყევ ნებას - ვაცხადებთ ამ კონსტიტუციას...!
კონსტიტუცია მე-3 მუხლით აცხადებს, რომ საქართველო არის დემოკრატიული რესპუბლიკა..!
- მაშ რა განაპირობებს დემოკრატიული რესპუბლიკის არსებობას?
პასუხი კონსტირუციის შემდეგ წინადადებაშია: „სახელმწიფო ხელისუფლების წყაროა ხალხი და ხალხი ძალაუფლებას ახორციელებს წარმომადგენლების, ასევე რეფერენდუმისა და უშუალო დემოკრატიის სხვა ფორმების მეშვეობით“!

„წარმომადგენლების“ მეშვეობით ნიშნავს პარლამენტში არჩეულ ხალხის წარმომადგენლობას, რომელიც შემდგომ ნიშნავს მთავრობას და ირჩევს სასამართლოს, თუმცა დღეს ხალხის წარმომადგენლობა (მაჯორიტარობა) გაუქმდა და პარლამენტს აკომპლექტებს მხოლოდ პარტიები.
„უშუალო დემოკრატიული სხვა ფორმები“ ნიშნავს, როდესაც ხალხი აწყობს მანიფესტაციებს, მიტინგებს ან სხვა აქტივობებს ან/და ახორციელებს დაუმორჩილებლობას.. რომელიც კანონების შეზღუდვით და გამკაცრებით უფრო და უფრო შეუძლებელი ხდება..
- მაგრამ „რეფერენდუმის მეშვეობით“ ძალაუფლების განხორციელება რას ნიშნავს?
- ქართველ ხალხს შეუძლია რეფერენდუმით დღეს განახორციელოს ძალაუფლება სახელმწიფოში?
- რა პირობებია ამისთვის გათვალისწინებული საქართველოს კონსტიტუციაში?
ამ შეკითხვას ძალზედ მკაფიოდ პასუხს სცემს საქართველოს კონსტიტუციის 52-ე მუხლის მე-2 პუნქტი: რომ (ერთის მხრივ), პრეზიდენტი (არ არის ვალდებული, არამედ) უფლებამოსილია დანიშნოს (ან არ დანიშნოს) რეფერენდუმი.. და რაც ყველაზე მთავარია არ შეიძლება რეფერენდუმის ჩატარება კანონის მისაღებად ან გასაუქმებლად!
- მაშ როგორ ახორციელებს ხალხი თავის ძალაუფლებას და მითუმეტეს რეფერენდუმის მეშვეობით?!
პასუხი ნათელია ქართველ ხალხს და საქართველოს მოსახლეობას ჩამორთმეული აქვს რეფერენდუმით (და სხვა ფორმებით) ძალაუფლების განხორციელების უფლება და შესაძლებლობა!
რომ არ ვილაპარაკოთ საქართველოს კონსტიტუციის მუხლებს შორის შეუთავსებლობაზე (კოლიზიაზე), საქართველოს კონსტიტუციით ცალსახაა, რომ სახელმწიფოში არსებული მმართველობა ხალხს უზღუდავს ძალაუფლების განხორციელებას!
საქართველოს კონსტიტუციით, რეფერენდუმით მიღებული გადაწყვეტილება კანონის ძალით ქვემდებარეა შესასრულებლად, ვიდრე პლებისციტით მიღებული გადაწყვეტილება, რომელიც მხოლოდ სარეკომენდაციო ხასიათისაა და ის გარემოება, რომ ოკუპირებული ტერიტორიების არსებობის შედეგად მიზანშეწონილი არ არის რეფერენდუმის ჩატარება, ფარსია, რადგანაც 2003 წელს საქართველოში ჩატარდა რეფერენდუმი საპარლამენტო დეპუტაციის რაოდენობის შესამცირებლად, რაც როგორც კონსტიტუციაში, ასევე ორგანულ კანონებში (პარლამენტის რეგლამენტი, საარჩევნო კოდექსი და ა.შ.) ცვლილებები განხორციელდა, რაც ნიშნავს, რომ რეფერენდუმით კანონი შეიცვალა (ე.ი კანონის ძველი რედაქცია გაუქმდა და ახალი კანონი იქნა მიღებული)..
არის თუ არა ამის შემდეგ დღეს ჩვენი სახელმწიფო დემოკრატიული..?
და თუ არ არის დემოკრატიული, გამოდის რომ იგი ავტოკრატულია...!
მაშინ როგორ ვაცხადებთ საქართველოს მოქალაქეები, როგორც საკუთარ ურყევ ნებას, რომ საქართველო დემოკრატიული რესპუბლიკაა..?

ე.ი საქართველოს კონსტიტუცია ყალბია და ცრუობს!
ეს სახელმწიფოს კატასტროფული ფიასკოა!
ეს აკნინებს ქართულ სახელმწიფოებრიობას და ქართველ ხალხს!

ამიტომ, ეს ყველაფერი რომ გასწორდეს, საქართველოს მოქალაქეებმა უნდა გამოხატოს ურყევი ნება და მოსთხოვოს საქართველოს პარლამენტს სრულყოს კონსტიტუცია და მისი მუხლები ჩამოაყალიბოს შემდეგნაირად:


პროექტი

საქართველოს კონსტიტუციური კანონი

საქართველოს კოსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1. „საქართველოს კონსტიტუციაში (საქართველოს პარლამენტის უწყებები, 1995, №№31-33, მუხ. 668) შეტანილ იქნას შემდეგი ცვლილება:

1. საქართველოს კონსტიტუციის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი სახით:

მუხლი 3 პუნქტი 2
სახელმწიფო ძალაუფლება (ხელმწიფობა) (სუვერენობა) ეკუთნის მთელ ქართველ ხალხს.
ხალხი თავის ძალაუფლებას ახორციელებს რეფერენდუმით, მათ შორის რეფერენდუმით კანონის მიღებისა და გაუქმების უფლებით, უშუალო დემოკრატიის სხვა ფორმებითა და თავისი წარმომადგენლების მეშვეობით.

2. საქართველოს კონსტიტუციის 52-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი სახით:

მუხლი 52 პუნქტი 2
საქართველოს პრეზიდენტი ვალდებულია, საქართველოს პარლამენტის, საქართველოს მთავრობის ან არანაკლებ 200000 ამომრჩევლის ხელმოწერის მოთხოვნით, დანიშნოს რეფერენდუმი კონსტიტუციითა და კანონით განსაზღვრულ საკითხებზე, მისი დანიშვნის მოთხოვნის მიღებიდან 30 დღის განმავლობაში, მათ შორის, არანაკლებ 200000 ამომრჩევლის ხელმოწერის მოთხოვნით, კანონპროექტის კანონად მისაღებად, პარლამენტის მიერ მიღებული კანონის გასაუქმებლად ან მასში ცვლილებების შესატანად.
რეფერენდუმით დასაშვებია საერთაშორისო ხელშეკრულებების რატიფიცირების, დენონსირებისა და გაუქმების მოთხოვნაც.
არ შეიძლება რეფერენდუმის მოწყობა ისეთ საკითხებზე, რომლებიც ზღუდავენ ადამიანის ძირითად კონსტიტუციურ უფლებებს და თავისუფლებებს, საკუთრების უფლებას, გარდა სასამართლოს გადაწყვეტილებით განსაზღვრული განსაკუთრებული სახელმწიფოებრივი ან/და საზოგადებრივი აუცილებლობიდან გამომდინარე შემთხვევებისა. ასევე ამნისტიის და შეწყალების გამო.
რეფერენდუმის დანიშვნასა და ჩატარებასთან დაკავშირებული საკითხები განისაზღვრება ორგანული კანონით.

3. საქართველოს კონსტიტუციის 77-ე მუხლს დაემატოს მე-8 პუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი სახით:

მუხლი 77 პუნქტი 8
ჩატარებული რეფერენდუმის შედეგიდან გამომდინარე, საქართელოს პარლამენტი ვალდებულია ერთი თვის ვადაში შესაბამისობაში მოიყვანოს საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს კანონმდებლობა და სხვა ნორმატიული აქტები.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე



საქართველოს პრეზიდენტი









გ ა ნ მ ა რ ტ ე ბ ი თ ი ბ ა რ ა თ ი
„საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტთან დაკავშირებით

დღეს მსოფლიო პოლიტიკურ ველზე თითქმის ყველა სახელმწიფო აცხადებს დემოკრატიულ (სახალხო) მმართველობას. ისინი ცალსახად ემიჯნებიან და გამორიცხავენ საკუთარი ქვეყნის ავტორიტარულ-ავტოკრატულ და პოლიტიკურად მონოპოლისტურ მართვას.
ეს იმას ნიშნავს, რომ მსოფლიოს სახელმწიფოთა უმრავლესობის მმართველობა სახალხო მმართველობაზეა დამყარებული.
საქართველოც თავისი კონსტიტუციის მე-3 მუხლით, ამ პოზიციას აცხადებს, რომ საქართველოში „ხალხი ძალაუფლებას ახორციელებს..“, თუმცა ქვეყნის უახლესი ისტორიის მანძილზე, ხალხის ძალაუფლების გამოვლინების არცერთი პრეცენდენტი არ განხორციელებულა.
რატომ? იმიტომ, რომ ამ ხნის განმავლობაში პროსაბჭოური ტიპის ავტორიტარული პოლიტიკური რეჟიმის გამტარებელი ხელისუფლებები, ყველა სახალხო შეთავაზებას, რომელიც ეხება ქვეყანაში სამართლებრივი, ეკონომიკური თუ სოციალური პრობლემების მოგვარებას, რომელიც ამ ხნის განმავლობაში აწუხებს და დაუგროვდა საქართველოს მოქალაქეთა უმრავლესობას, იგნორირებულს ტოვებს და ეს კონსტიტუციურად არის გამყარებული.
საქართველოს კონსტიტუციით, რეფერენდუმით კანონის მიღებისა და გაუქმების უფლების შეზღუდვით, ქართველი ხალხს აკრძალული აქვს სახელმწიფოს სამართალწარმოების, მართლმსაჯულების, პოლიტიკური, ეკონომიკური თუ სოციალური ცხოვრების ორგანიზებასა და ეროვნული ქონებრივი აქტივების განკარგვა, სარგებლობასა და ფლობაში მონაწილეობის უფლება.
სამწუხაროდ საქართველოში შექმნილი საკანონმდებლო სივრცით, მთელი ქართველი ხალხი, წინასწარ, შეუთანხმებლად, ვალდებულია დაემორჩილოს, ავტოკრატულ-მონოპოლიურად ჩამოყალიბებულ პოლიტიკურ ნებას.
პოლიტიკური რეჟიმი, რომელიც საქართველოში დომინირებს, საქართველოს მოქალაქეების უმრავლესობას გამიზნულად უბლოკავს იმ საშუალებებზე თავისუფალ ხელწვდომას, რაც აუცილებელია ადამიანის სტაბილური და კეთილდღეობითი ცხოვრებისათვის. ეს კი ამუხრუჭებს საქართველოს სამართლებრივად, ეკონომიკურად და სოციალურად პროგრესულ სუვერენულ სახელმწიფოდ ჩამოყალიბებას და განვითარებას.
1995 წლის კონსტიტუციის მიღების დროს, კონსტიტუციური დასაყრდენი ძირითადი პრინციპების (1921 წლის კონსტიტუციით განსაზღვრული პრინციპები) საწინააღმდეგოდ, იმდროინდელმა ხელისუფლებამ დაუბლოკა ხალხს ძალაუფლების უშუალოდ დემოკრატიულად - რეფერენდუმით - განხორციელების უფლება. კერძოდ, 74-ე მუხლით მოქალაქეებს აუკრძალა რეფერენდუმით კანონის მიღების ან გაუქმების უფლება.
ამ უფლების შეზღუდვამ ავტორიტარულ რეჟმებს საშუალება მისცა, განეხორციელებინა საკუთარი ინტერესები. მიღებული კანონების საშუალებით, ლეგალურად შეეზღუდა სხვა მოქალაქეებისთვის ნებისმიერი უფლება. შეეზღუდა მოქალაქეებისთვის თავისი წარმომადგენლების, მაჟორიტარი დეპუტატების მეშვეობით ძალაუფლების განხორციელების კონსტიტუციური უფლებაც. რაც უხეშად არღვევს, როგორც 1921 წლის კონსტიტუციის ძირითად პრინციპებს, აგრეთვე, ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დეკლარაციის 21-ემუხლით და საქართველოს ახალი (2018 წ) კონსტიტუციის მე-3 მუხლის 1-ელ და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებულ უფლებებს.
30 წლის განმავლობაში ხელისუფლებების არაერთხელ შეცვლის მიუხედავად, ეს პრობლემა არცერთ მთავრობას არ გამოუსწორებია, მონდომებაც კი არ გამოუხატავს..!
საქართველოში ხალხი ძალაუფლების წყაროდ მხოლოდ დეკლარირებულად, ფორმალურად არის კონსტიტუციაში დატოვილი. ხელისუფლებას არ აკისრია ხალხისადმი მორჩილების კონსტიტუციური ვალდებულება ისე, როგორც ეს არის საფრანგეთში, იტალიაში, შვეიცარიაში და სხვა მოწინავე დემოკრატიულ სახელმწიფოებში. საქართველოში მხოლოდ პარტიების „წარმომადგენლებისაგან“ კომპლექტდება ხელისუფლება და იგი ხალხს არც სამართლებრივად და არც ფაქტობრივად არ ემორჩილება.
საქართველოში ხალხის ძალაუფლების გახორციელების უფლება მხოლოდ არჩევნებში ფორმალურად მონაწილეობით არის დაყვანილი, რომლის შემდეგ მომავალ არჩევნებამდე ხალხი ეფემერული სუბსტანცია ხდება.
არა და, ხელისუფლება რომ ქართველი ხალხის ნებას ემორჩილებოდეს და მას ემსახურებოდეს, იგი მუდამ ხალხს დაეკითხება სტრატეგიულ საკითებს და ხალხის ნებით გამყარებული ეროვნული ინტერესებით წარსდგება მსოფლიო თანამეგობრობის წინაშე. მუდამ წელგამართული წარმართავს ნებისმიერ მხარესთან მოლაპარაკებებს და საკუთარი ხალხის სახელით წარმოდგენილ წინადადებებს, პოტენციურად ყოველთვის სასარგებლო შეთანხმებებამდე მიიყვანს.
ხელისუფლების მთავარი ამოცანა მუდამ უნდა იყოს მოქალაქეთა უმრავლესობის მხრიდან ნდობის შენარჩუნება, იმიტომ, რომ, წინააღმდეგ შემთხვევაში ნებისმიერ მომენტში, მოქალაქეების მოთხოვნის საფუძველზე ჩატარებული რეფერენდუმით, ვადაზე ადრე შესაძლებელი იქნება ხელისუფლების გადაყენება და ახალი არჩევნების დანიშვნა, როგორც ეს დღეს არის შვეიცარიაში, იტალიაში და სხვა დემოკრატიულ სახელმწიფოებში, როგორც ეს იყო 1921 წლის საქართველოში..
ეს უფლება არის კონსტიტუციური გარანტია იმისა, რომ ნებისმიერ დროს ხელისუფლება (მისი ნებისმიერი შტო) მხოლოდ ქართველი ხალხის ნებას, მისი უმრავლესობის ინტერესებს გაითვალისწინებს და ასე ჩამოყალიბდება საქართველოს ეროვნული ინტერესები.
ეს უფლება ეკუთვნის ქართველ ხალხს და იგი კონსტიტუციურად მას უნდა გააჩნდეს!
ამ უფლების ფონზე ხელისუფლება გაცილებით უფრო ეფექტურად მოემსახურება საკუთარ ხალხს და თავის სტრატეგიულ საქმიანობაში გაატარებს მხოლოდ ხალხთან შეთანხმებულ ინტერესებს. ხოლო სხვადასხვა საშინაო პოლიტიკური დაპირისპირების შემთხვევაში, სადაო საკითხებს ცივილიზებულად რეფერენდუმზე კანონის მიღებით ან გაუქმებით განმუხტავს.
ეს უფლება ისტორიულად მოიპოვა ქართველმა ხალხმა! ამისთვის ჩვენ ყველა სტადია განვვლეთ, როგორც 1921 წლამდე ასევე მის შემდეგ! ეს უფლება დემოკრატიული მსოფლიოს, საერთაშორისო კონსტიტუციური უფლებებიდან გამომდინარეობს!
ამიტომ აუცილებელია, რომ საქრთველოს კონსტიტუციის დასაყრდენი ძირითადი პრინციპებიდან, 1991 წლის რეფრენდუმიდან და 9 აპრილის დამოუკიდებლობის აღდგენის დეკლარაციიდან გამომდინარე, პარლამენტმა განახორციელოს კონსტიტუციური ცვლილება და საქართველოს კონსტიტუციაში აღადგინოს რეფერენდუმით კანონის მიღების და გაუქმების უფლება!
პარლამენტის მიერ აღნიშნული კონსტიტუციური ცვლილების მიღების შემთხვევაში საქართველოს ისტორიაში დადგება მნიშვნელოვანი ეპოქალური მომენტი - ერთხელ და სამუდამოდ შეიცვლება ავტორიტარულ-პოლიტიკური რეჟიმი!
ხალხის უშუალო ნებას, ინტერესებს და კონტროლს კონსტიტუციურად დაექვემდებარება ხელისუფლება და იგი ლეგიტიმურ საშუალებას შექმნის, რომ როგორც მოქალაქეების უშუალო უმრავლესობას, ასევე, ოპოზიციას და იმავე დროს საპარლამენტო უმრავლესობას, რეფერენდუმზე კანონის მიღებით გადააწყვეტინოს სახელმწიფოებრივად მნიშვნელობის საკითხები.
ამ უფლებით ხალხს საშუალება ეძლევა, ხელისუფლების წინააღმდეგობის შემთხვევაში, პროფესიონალების მიერ მომზადებულ კანონპრექტებზე დაყრდნობით, რეფერენდუმით მიიღოს აუცილებელი კანონები, რომელიც ქვეყნის და მომავალი თაობების კეთილდღეობას გაამტკიცებს.

მიზანი, საქართველოს კონსტიტუციაში რეფერენდუმით კანონის მიღებისა და გაუქმების უფლების აღდგენის შესახებ, დიდი ხანია მუსირებს საქართველოს საზოგადოებრივ სივრცეში. მისი იმპლემენტაციისათვის მრავალი საზოგადოებრივი ორგანიზაციის მცდელობა იქნა განხორციელებული.
ამჯერად ამ სახელმწიფოებრივად უმნიშვნელოვანეს საკითხის გადაწყვეტის მოთხოვნას საქართველოს პარლამენტის მიმართ წარმოადგენს საზოგადოებრივი კოალიცა „ერთსულოვნება“!
ამდენად, იმის გათვალისწინებით თუ რა ხდება საქართველოს პოლიტიკურ ველზე და კიდევ უფრო რა ხდება გეო-პოლიტიკურ თუ მსოფლიო სივრცეში, საქართველოს პარლამენტს და საქართველოს მთავრობას, როგორც არასდროს აქვს ისეთი შანსი და შესაძლებლობა გახდეს ისტორიულად ეპოქალური ცვლილების განმახორციელებელი ხელისუფლება. პარლამენტარები, რომელნიც გაითვალისწინებენ სახალხო მოთხოვნას წინამდებარე საკონსტიტუციო ცვლილების პროექტთან დაკავშირებით და დროულად მიიღებებენ დადებით გადაწყვეტილებას, ერის მამებად შეირაცხებიან მომავალი თაობებისთვის და მათი სახელები ოქროს ასოებით ჩაიწერება ისტორიის ფურცლებზე.
ეს ნაბიჯი როგორც ისტორიულად ასევე გეო-პოლიტიკურად მომწიფდა საქართველოში, იგი ჰაერივით ესაჭიროება სახელმწიფოში დემოკრატიის განვითარებას და ევოლუციურად გარდასახავს ჩვენი ქვეყნის როგორც რეგიონში ისე მსოფლიოში, ყველაზე ინოვატორულ და დემოკრატიულ სახელმწიფოდ.
ქართველი ხალხის „არა კონსტიტუციური“ ტყვეობიდან გათავისუფლება, თვალის დახამხამებაში აამაღლებს საქართველოს სტრატეგიულ-პარტნიორულ იმიჯს საერთაშორისო სამყაროში, განაპირობებს ყველასათვის მკაფიო ეროვნული ინტერესების გამოკვეთას და ნებისმიერი მოლაპარაკების მაგიდაზე განსაკუთრებულად დადებითი შედეგების მიღწევას.

კოალიცა „ერთსულოვნება“, აღნიშნული მიზნის მიღწევისათვის აცხადებს საგანგებო მზადყოფნას და უშრეტ მოწადინებას საქართველოს ხელისუფლების მხარდასაჭერად!


კანონპროექტის ავტორი:
საზოგადოებრივი კოალიცია „ერთსულოვნება“

bottom of page